სასანქციო სიაში შესაძლოა, უკლებლივ ყველა ოლიგარქი შეიყვანონ
12/05/2022 17:50:29 მსოფლიო
რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად სანქციების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის წევრმა მაიკლ მაკფოლმა ცოტა ხნის წინ გააჟღერა ინიციატივა სასანქციო სიაში პირთა შეყვანის ახალი წესის თაობაზე. მისი იდეის თანახმად, სანქციებს დასაქვემდებარებელ პერსონებს თანამდებობების მიხედვით შეარჩევენ. კერძოდ, რუსეთში სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფი პირები სასანქციო სიაში ავტომატურად უნდა ხვდებოდნენ, ხოლო თანამდებობის დატოვების შემდეგ სიას ტოვებდნენ.
თუმცა ოპონენტები თვლიან, რომ ეს ბევრისთვის “ხვრელებს” ქმნის: უამრავი ადამიანი, რომელმაც თანამდებობაზე მილიონები იშოვა, პოსტს ამ მილიონებითვე დატოვებს და “წყლიდან მშრალი გამოვა”.

საპასუხოდ მაკფოლი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უკანონოდ იშოვეს ფული, ისედაც მოქმედებს იურიდიული პასუხისმგებლობის სისტემა და გარდა ამისა, მისი იდეა მოიცავს მეორე – ოლიგარქების სიას: მასში მოხვდება ყველა ოლიგარქი, განურჩევლად იმისა, იკავებენ და იკავებდნენ თუ არა ისინი სახელმწიფო თანამდებობებს.
“ჩვენ ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ბევრი ოლიგარქი და მდიდარი ადამიანი ჩვენს სასანქციო სიაში ჯერ ვერ მოხვდა. ამიტომაც გამოვედი ინიციატივით, სიაში შევიყვანოთ ყველა მათგანი, ხოლო შემდგომში “გავცხრილოთ” - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.
კერძოდ, მისი აზრით, შემდგომში სიიდან შესაძლებელია, ამორიცხონ ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ სამ პირობას:
- გააკრიტიკებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ ომსა და პირადად პუტინს, როგორც მის შემოქმედს;
- აღარ გადაუხდიან რუსეთის ხელისუფლებას გადასახადებს;
- ვალდებულებას აიღებენ, საკუთარი შემოსავლებიდან გარკვეული პროცენტი (40-50%) უკრაინის აღდგენა-განვითარების ფონდში მიმართონ.
მაკფოლის ინიციატივა ჯერ განხილვის ეტაპზეა.


