"აზოვის" მეთაურის მოადგილე: "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ამჟამად 600 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება"
12/05/2022 16:20:05 მსოფლიო
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ ამ დროისთვის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე 600 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება.
„ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ გარშემორტყმული ვიყავით და უნდა გადაგვედგა ნაბიჯები ლოჯისტიკური მომარაგების დერეფნის შესაქმნელად. ჩვენ დავალებული გვაქვს და დღესაც ვახერხებთ თავდაცვას და ვაგრძელებთ ამას უკიდურესად მძიმე პირობებში. მტერს აქვს ყველა უპირატესობა. ჰაერშიც და ზღვაზეც, ამიტომ მდგომარეობა ძალიან რთულია“, - განაცხადა პალამარმა.
მისი თქმით, მებრძოლები არ განიხილავენ კაპიტულაციას, არამედ ეყრდნობიან მხოლოდ ევაკუაციის ვარიანტს, რომელიც ექვემდებარება საერთაშორისო გარანტიებს.
ცნობისთვის: მანამდე რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის მეორე მიწისქვეშა საავადმყოფო გაანადგურეს.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


