
პოლონეთის საგარეო – რუსეთის ელჩზე: "როგორი სახელმწიფოცაა, ისეთია ელჩიც"
12/05/2022 12:52:00 ევროპა
"როგორი სახელმწიფოცაა, ისეთი ელჩია" - ამგვარად შეაფასა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავჟიკმა პოლონეთში რუსეთის ელჩის სერგეი ანდრეევის საქმიანობა, როდესაც მას სეიმში ჰკითხეს, "ხომ არ არის დრო, რუსეთის ელჩს ვუთხრათ, რომ მისი ადგილი მოსკოვშია".
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ანდრეევის საქმიანობა უმეტესწილად პროვოკაციად უნდა შეფასდეს:
"რუსეთის ელჩი ასრულებს მოსკოვის ბრძანებებს, რაც არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, ის არის ელჩის საქციელიც".
ვავჟიკი ამბობს, რომ რომ რუსეთის ელჩი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა "აეხსნა თავისი ქმედებები, განცხადებები და საქციელი“, თუმცა მიუხედავად ამისა, პოლონეთი, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს სხვა ქვეყნები, ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან.
რაც შეეხება რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის ფაქტს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ "ეს ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო".
9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით". - თქვა სერგეი ანდრეევმა, როდესაც ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებდა.