
ჯონსონი: "შემდგომი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ"
11/05/2022 18:54:44 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემდგომი კატასტროფის თავიდან აცილება მთავარი პრიორიტეტია.
"ჩემი მიზანი შემდგომი კატასტროფის შეჩერებაა, მათ შორის, ეკონომიკური შედეგები. თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წინააღმდეგობას არ გავუწევთ, უკრაინაში შეჭრა მისი ნეოიმპერიალისტური და რევანშისტული ამბიციების დასასრული არ იქნება.
ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად ერთად ყოფნა აუცილებელია". - თქვა ჯონსონმა.
ბრიტანეთმა ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შვედეთთან და ფინეთთან ახალ სამხედრო შეთანხმებას მიაღწია.
შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს, შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს დახმარება გაუწიოს.
"საუბარია იმაზე, რომ კატასტროფის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ შვედეთზე თავდასხმა განხორციელდა, გაერთიანებული სამეფო შვედეთს მისი ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად გაუწევს დახმარებას". – თქვა ჯონსონმა.