
როგორ უნდა გააგზავნო უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ
11/05/2022 14:36:06 საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ დაასრულა კამპანია „უფასოდ“, რომლის ფარგლებშიც, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებს საქართველოდან შეეძლოთ უფასოდ გაეგზავნათ ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილები,– ამგვარ სიურპრიზს წააწყდა მოქალაქე ანი ქავთარაძე, როდესაც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის სახით სამედიცინო მასალის გაგზავნა სურდა.
„უკრაინაში გზავნილი ფასიანი გახადა და არ იკითხავთ რა ღირს 1 კგ. დახმარების გაგზავნა?! 115 ლარი! მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ტარიფები 1,5-5 ევროა!
ჰო და ჯერ ხომ ეგ ტვირთები სულ ხალხის და ბიზნესის ნაგროვები იყო, სულ თავად დაიწერეთ, მერე გზის საფასურიც ხომ ხალხის ბიუჯეტიდან იყო გადახდილი! ახლა ისე მოაქციეთ საქმე, თავად არაფერს უკეთებთ და ხალხსაც ხელ-ფეხს უკოჭავთ. გაუბედურებულ ნათესავს, მეგობარს, ახლობელს წნევის წამალი და ტანსაცმელი გაუგზავნოს შვილებისთვის!
ეს არამხოლოდ ტარიფის დადება და ფულის კეთების გზაა, ყველაზე საშინელ დროს, არამედ ღალატი! როცა სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ჰუმანიტარულ გზავნილებს მოძმე ერთან!“– წერს აღშფოთებული მოქალაქე სოციალურ ქსელში.
„საქართველოს ფოსტის“ ვებ–გვერდზე მითითებული იყო, რომ უკრაინაში 1 კ.გ. ტვირთის გაგზავნის ტარიფი 115 ლარი ღირდა. ხოლო მას შემდეგ, რაც თემამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ფოსტამ ვრცელი განცხადება გაავრცელა:
„საქართველოს ფოსტა“ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინის მიმართულებით. ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და „საქართველოს ფოსტის“ მიერ უკრაინაში გაგზავნა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან 1 მაისამდე მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას, უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.
ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს „საქართველოს ფოსტა“ გააგზავნის უკრაინის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ფოსტის “Ukrposhta”- ის ინფორმაციით, 20 აპრილის მონაცემების თანახმად, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზე.
ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც არის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. საქართველოს მოჰყვება რუმინეთი 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთით, ბელგია 80 ტონით და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ ტვირთში არ იგულისხმება სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიური, სამშენებლო და სხვა დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.
ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta” თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები" – ნათქვამია განცხადებაში.