
პესკოვი: "რუსეთის შემადგენლობაში ხერსონის შესვლას უნდა ჰქონდეს მკაფიო იურიდიული სარჩული"
11/05/2022 14:10:24 ევროპა
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ხერსონის ოლქის მიღების საკითხი "თავად ოლქის მცხოვრებთა გადასაწყვეტია" და ამასთან, "მკაფიო იურიდიული დასაბუთება" დასჭირდება.
11 აპრილს ხერსონის ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა, რომ „ქალაქი ხერსონი რუსეთია“ და ოლქის „ხელმძღვანელობა“ აპირებს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, პრეზიდენტ პუტინს მიმართოს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რეგიონის მისაღებად.
"იქნება თუ არა ასეთი მიმართვა, უნდა გადაწყვიტონ ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმა და საკუთარი ბედიც მათ უნდა განსაზღვრონ", - უთხრა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
გარდა ამისა, როგორც პესკოვი ამბობს, ეს საკითხი დეტალურად უნდა შეამოწმონ და შეაფასონ იურისტებმა, გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს "მკაფიო იურიდიული სარჩული და დასაბუთება" და უნდა იყოს „აბსოლუტურად ლეგიტიმური, ისევე, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შეკითხვას, კრემლის აზრით, სწორი იქნებოდა თუ არა ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარება, პესკოვმა უპასუხა, რომ თქვა ის, რისი თქმაც სურდა და რეფერენდუმზე არაფერი ულაპარაკია.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა.