ვოლინას მიმართვა მსოფლიოს: "თუ შეგიძლიათ იგრძნოთ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, დაგვეხმარეთ "აზოვსტალიდან" სამხედროების გამოყვანაში"
11/05/2022 10:41:50 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მოუწოდებს იბრძოლონ მარიუპოლის გარნიზონისთვის, დაეხმარონ მათ გადარჩენაში.
"მე საზღვაო ქვეითი ვარ. სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს უკრაინის ნამდვილი სიყვარული! გიყვარდეს გაბედულად და უშიშრად, გიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებში, გიყვარდეს ფრთხილად, მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, მე მექნება წმინდა, უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ. სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას უყვარს და, მამას კი შვილი! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს! საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც უყოყმანოდ წირავენ სიცოცხლეს სამშობლოსათვის. ისინი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად იყოფენ ერთმანეთს რაც დარჩათ, რომლებიც ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან და, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ ყველასათვის საერთო სიყვარული გვაქვს ჩვენი დედის - უკრაინის მიმართ! ჩვენ ვიბრძვით. თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების სიტყვები აიძულებს მათ მოქმედებას, მაშინ მე მოვუწოდებ ბრძოლას მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, დაგვეხმაროთ უკრაინელი სამხედროების გამოყვანის პროცედურის დაწყებაში!",- ამბობს ვოლინა.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


