
კვლევა – საქართველოში ყველაზე მეტად “იმედსა” და “რუსთავი 2-ს” უყურებენ
11/05/2022 10:16:44 საზოგადოება
საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ" CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინაში ომის დაწყებამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 62% ამბობს, რომ ყველაზე ხშირად "იმედს" უყურებს. მეორე ადგილზე "რუსთავი 2" (56%), ხოლო მესამეზე "მთავარი არხი" (51%) არის.
იმის მიუხედავად, რომ "რუსთავი 2" ამ რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილზეა, ნდობის კუთხით მეოთხე ადგილზეა. მას ტელეკომპანია "პირველი" უსწრებს. კეძოდ, კითხვაზე “რამდენად ენდობით ან არ ენდობით თითოეულ სატელევიზიო არხს, ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ”, გამოკითხულთა ყველაზე მეტმა, 23%-მა თქვა, რომ ენდობა ტელეკომპანია “იმედს”, 18% ტელეკომპანია “მთავარი არხს” ასახელებს, 16% კი – ტელეკომპანია "პირველს”.
გამოკითხულთა ყველაზე მცირე – 1% ენდობა Russia 24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, 3-3% – "ალტ-ინფოსა" და "Channel One Russia"-ს [ORT].
კვლევის თანახმად, ჯამურად, მოსახლეობის 30% ყოველკვირეულად უყურებს 1 პრორუსულ არხს მაინც და 11% კი ამბობს, რომ ენდობა ერთ პრორუსულ არხს მაინც.
რაც შეეხება სოციალურ მედიას, კვლევის თანახმად გამოკითხულთა 67% კვირაში ერთხელ მაინც იყენებს Facebook-ს, 57% – Youtube-ს, 25% – Instagram-ს, 16% – Tik-Tok-ს, 4-4% – Twitter-ს და Odnoklosniki-ს, 3% – Vkontakte-ს.
მიმოწერისთვის გამოკითხულთა 65% იყენებს Messenger-ს, 35% – Viberს, 30% – WhatsApp-ს, 4% – Telegram-ს, 2% – Signal-ს.
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ს დაკვეთით ჩაატარა.USAID–ს დაფინანსებით Zinc Network საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას" ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, სულ ჩატარდა 3 024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებულიტერიტორიების გარდა.