გაიდაი: "ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ჰუმანიტარულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს"
11/05/2022 07:08:02 მსოფლიო
რუსმა აგრესორებმა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე ჰუმანიტარულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
"გუშინ რუსებმა შეგნებულად ესროლეს ჰუმანიტარულ მანქანას. სატვირთო მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და ლისიჩანსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მოსახლეობას საკვები მიაწოდა. ლისიჩანსკი-ბახმუტის გზაზე მანქანას მტრის ნაღმი მოხვდა. საბედნიეროდ, მძღოლი ცოცხალია. გზა ისევ სახიფათოა", - წერს გაიდაი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


