უკრაინის გენშტაბი: "არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსული ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია"
11/05/2022 06:32:03 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, "არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსული ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია".
მისივე ცნობით, ამჟამად რუსული არმია რამდენიმე მიმართულებით ცდილობს დაწინაურებას. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მტერი ორიენტირებულია სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებზე და ასევე ცდილობს, დაწინაურდეს კრივოი როგის მიმართულებით.
ამასთან, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ჯარების ჯგუფი კონცენტრირებულია თავისი ძირითადი ძალისხმევას შეტევითი ოპერაციების გაგრძელებაზე, რათა ქალაქი რუბიჟნე სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს და დაიკავოს ლიმანისა და სევეროდონეცკის დასახლებები.
გენშტაბში აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალზე" იერიში კვლავ მიმდინარეობს.
მარიუპოლში ,,აზოვსტალს“ საარტილერიო დარტყმებს აყენებენ, რაკეტებისა და ბომბების დახმარებით.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
.


