რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტელეგრამ-არხი ვაკანსიებს, მათ შორის მარიუპოლში "გვამების შემგროვებლებზე" აცხადებს
10/05/2022 20:00:55 მსოფლიო
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტელეგრამ-არხი ვაკანსიებს, მათ შორის მარიუპოლში "გვამების შემგროვებლებზე" აცხადებს, – იუწყება CNN.
მისი ცნობით, ტელეგრამ-არხი სახელწოდებით "ახალი მარიუპოლი" აცხადებს, რომ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დასაქმების ცენტრებში დროებით სამუშაოებზე მუშახელის მოძიება სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს".
როგორც CNN იტყობინება, ტელეგრამ-არხის ერთ–ერთ "პოსტში" ნათქვამია, რომ "ვაკანსიებია გამოცხადებული ინფორმაციული უსაფრთხოების, ქალაქის გალამაზებისა და გვამების შეგროვების მიმართულებით".
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსულმა ძალებმა ქალაქის 90% გაანადგურეს. მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც რუსულმა არმიამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


