უკრაინა ევროპაში რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს
10/05/2022 18:17:13 მსოფლიო
რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპაში რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს 11 მაისიდან შეაჩერებს. ამ ინფორმაციას უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის ოპერატორი კომპანია ავრცელებს.
"ფორსმაჟორული სიტუაციის გამო გაზის ტრანსპორტირება "სორანოვკასა" და "ნოვოპსკოვას" სადგურებიდან, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, შეუძლებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


