
ედუარდ სააკაშვილი – მამაზე: "ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, რაც რთული საყურებელია"
10/05/2022 13:23:18 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მდგომარეობა წინა ნახვასთან შედარებით, უარესია.
ედუარდ სააკაშვილმა პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება "ვივა მედში" გამოკვლევებისთვის გადაყვანაზე:
"ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის, რა თქმა უნდა, რთული საყურებელი. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ, რა შედეგამდე მივა. მე როგორც ვიცი იგი აპირებს, რომ დათანხმდეს".
მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა არა დღეს, იმიტომ, რომ დღეს იგი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს პირველად შეხვდა.
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს.