გაერო: "ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ათასობით მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, ვიდრე აქამდე იყო ნავარუდევი"
10/05/2022 12:08:54 მსოფლიო
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ათასობით მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, ვიდრე აქამდე იყო ნავარუდევი - ამის შესახებ უკრაინაში გაერო–ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად აღემატება აქამდე დასახელებულ რიცხვს, რომელიც 3381-ს შეადგენდა.
უკრაინაში გაერო–ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია აქამდე 3381 გარდაცვლილსა და 3680 დაშავებულზე საუბრობდა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


