ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების წესის შეცვლას მხარს უჭერს
10/05/2022 10:33:38 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების წესის შეცვლას ზოგიერთ სფეროში მხარს უჭერს.
"ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, დავადგეთ ყველაზე პირდაპირ გზას, არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვიძლია ან, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებების შეცვლით. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ზოგიერთ ძირითად სფეროში ერთსულოვან კენჭისყრას უბრალოდ აზრი აღარ აქვს, თუ ჩვენ გვსურს უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ", – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, "ევროპამ უნდა ითამაშოს უფრო აქტიური როლი ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროებში და კიდევ უფრო განავითაროს დემოკრატია".
4 მაისს იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოუწოდა ევროკავშირს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების პრინციპზე უარი თქვას და ჩარჩო-შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებების მომზადება დაიწყოს.
"ევროპამ პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა იაროს, რათა უკეთ შეიარაღდეს ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თუ ამისთვის საჭირო გახდება შესაბამისი შეთანხმებების შეცვლა, ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ იმის გათვალისწინებით, რომ უნდა ვუპასუხოთ რუსეთს, რომელმაც კონტინენტზე მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჩვენ უნდა დავძლიოთ გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების პრინციპი, რომელიც ვეტოებს იწვევს და ვიაროთ გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებისკენ", – განაცხადა დრაგიმ.
ცნობისთვის: ევროკავშირის შემთხვევაში კვალიფიციური უმრავლესობა - ეს არის 27 წევრი ქვეყნიდან 15, რომელიც ჯამში ევროპის მოსახლეობის სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.
"ევროპა, რომელსაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეეძლება, იქნება ევროპა, რომელიც მეტ ნდობას დაიმსახურებს როგორც საკუთარი, ისე მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მხრიდან", – დასძინა დრაგიმ.


