"აზოვის" ყოფილი მეთაური: "მარიუპოლის განბლოკვისთვის სამხედრო ოპერაციის მომზადება მიმდინარეობს"
10/05/2022 09:07:32 მსოფლიო
ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალში" გამაგრებული მებრძოლები დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან ერთად სამხედრო გეგმებზეც მუშაობენ, - ამის შესახებ "აზოვის პოლკის" ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.
მისი თქმით, სამუშოები უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ერთად მიმდინარეობს.
"დღეს ის [გეგმა] შეიძლება იყოს რამდენიმე ეტაპიანი, თავდაპირველად სხვა ქალაქების გათავისუფლებით და გადაჯგუფებით“,- განაცხადა ჟორინმა და დასძინა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ჯერ აუცილებელია სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შევსება.
„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დრო აქვთ მათ ვინც ახლა თავს აფარებს „აზოვსტალის“ ტერიტორიას. ამიტომ ჩვენ ვემზადებით და ვმუშაობთ ორი მიმართულებით:
- დიპლომატიური – იმისთვის, რომ მათი გადარჩენა და იქიდან გამოყვანა შევძლოთ
- სამხედრო - რომელსაც ყველა შემთხვევაში განვახორციელებთ“,- განაცხადა სამხედრომ.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


