"დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებამდე მივლენ და ამ დროს არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული"
10/05/2022 08:24:55 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპამ არ უნდა გაიმეოროს I მსოფლიო ომის შემდეგ დაშვებული შეცდომა და როდესაც რუსეთ–უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებამდე მივლენ, "არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული".
"ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე. ევროპა ახლა უკრაინას ეხმარება, თუმცა დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებამდე მივლენ და ამ დროს არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული, როგორც ეს გერმანიასთან მიმართებაში I მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა", – აცხადებს მაკრონი.
ცნობისთვის: I მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს დაიდო ვერსალის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ I მსოფლიო ომის გაჩაღებაში და დაეკისრა რეპარაციები, დაკარგა ტერიტორიები, კოლონიური სამფლობელოები, აღიარა ავსტრიის, პოლონეთისა და მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალები იზღუდებოდა 100 ათანი სახმელეთო არმიით, უქმდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ითვლება, რომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა გერმანიაში ნაციონალიზმი და ხელი შეუწყო ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას.


