
რუსეთი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის მარაგებს ვერ ავსებს - პენტაგონი
10/05/2022 07:11:11 ევროპა, მსოფლიო
სანქციები ზიანს აყენებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და ართულებს მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალის მარაგის შევსებას,– იუწყება პენტაგონის მაღალჩინოსანი.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ბევრი მაღალისიზუსტის იარაღი გამოიყენეს. მარიუპოლში აგრძელებენ უმართავი ბომბების გამოყენებას. მათ პრობლემები აქვთ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის მარაგების შევსებასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, რომ სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ელექტრონულ კომპონენტებს ეხება, გავლენა იქონია რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზის შესაძლებლობებზე და მათ უნარზე, შეავსონ მარაგები “,– თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე.
აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი ქვეყნიდან 13 პარტია იარაღი მიიღო.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მოითხოვა.
”გვსურს, ამაზე მაისის მესამე კვირამდე შევთანხმდეთ, რათა უწყვეტად გავაგრძელოთ მხარდაჭერა”, - თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, 90 დაპირებული ჰაუბიციდან 85, ასევე მათთვის განკუთვნილი 110 000 ჭურვი უკვე ჩავიდა უკრაინაში და უკრაინელი სამხედროები ახალი იარაღის გამოყენებაზე ვარჯიშობენ.
მან ასევე თქვა, რომ პენტაგონი ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსეთს შეუძლია მეტი ძალების მობილიზება.
9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აადვილებს უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დახმარების გაგზავნას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე.