„უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი“ შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს
10/05/2022 06:15:25 მსოფლიო
„უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი“ შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს.
"2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და რუსეთის ძალების მხრიდან შესაძლო ინტერვენციის ან მიმდინარე აგრესიისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაში", – ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა. ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


