
"აზოვსტალზე" უკრაინის დროშა ფრიალებს
09/05/2022 19:33:51 ევროპა
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანრიუშჩენკომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ დაბომბვების მიუხედავად, "აზოვსტალის" თავზე, სადაც მარიუპოლის დამცველები არიან გამაგრებული, უკრაინის დროშაა აღმართული. კადრები გამოაქვეყნა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც.
ვიდეოში აფეთქებების ხმა ისმის.
"მარიუპოლი. აზოვსტალი დღეს, 2022 წლის 9 მაისი. წინააღმდეგობის 75-ე დღე. ურყევი და უძლეველი... ქედს ვუხრით მარიუპოლის ყველა ჩვენს დამცველს. არ არსებობს სინონიმები თქვენი გამბედაობისა. ყველანი თქვენი მოვალენი ვართ". - წერს მერის მრჩეველი.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც რუსულმა არმიამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "რუსული ძალები ქარხანაზე შტურმს ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით ახორციელებენ".
დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს.
მანამდე „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა აღნიშნა, რომ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია:
"სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან. საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, - აღნიშნა პალამარმა.
მისი თქმით, დაღუპულთა ცხედრების შესაგროვებლად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ უკვე თბილა. სხეულები იწყებენ გახრწნას და ყველაფრის მოწამვლას“, – განაცხადა პალამარმა და დასძინა, რომ „უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ამის ძალა ექნებათ".
იხილეთ ასევე: ანტიუკრაინული პროპაგანდა „აზოვსტალის“ თემით მანიპულირებას ცდილობს