
"ოკუპანტები „აზოვსტალზე“ დიდ ქიმიურ თავდასხმას ამზადებენ" – ლაშინი
09/05/2022 15:41:19 ევროპა
მარიუპოლში ოკუპანტები მსხვილ ქიმიურ თავდასხმას ამზადებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდ ლაშინი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ლაშინის თქმით, მის ხელთ არსებული ცნობით, რუსი სამხედროები ქიმიური იარაღის გამოყენებას 11 მაისს გეგმავენ.
„ადამიანები მარიუპოლიდან კავშირზე გამოვიდნენ და ახლახანს ჩემთვის გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ 11 რიცხვში მზადდება დიდი ქიმიური თავდასხმა „აზოვსტალზე“ და მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხვალინდელი დღიდან გარეთ აღარ გამოვიდნენ. ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები უნდათ რომ რამენაირად გამოიყვანონ „აზოვსტალიდან“,- განაცხადა დეპუტატმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "რუსული ძალები ქარხანაზე შტურმს ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით ახორციელებენ".
დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს.
მანამდე „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა აღნიშნა, რომ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია:
"სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან. საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, - აღნიშნა პალამარმა.
მისი თქმით, დაღუპულთა ცხედრების შესაგროვებლად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ უკვე თბილა. სხეულები იწყებენ გახრწნას და ყველაფრის მოწამვლას“, – განაცხადა პალამარმა და დასძინა, რომ „უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ამის ძალა ექნებათ".
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც რუსულმა არმიამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
იხილეთ ასევე: ანტიუკრაინული პროპაგანდა „აზოვსტალის“ თემით მანიპულირებას ცდილობს