
ბიბილოვი მარცხის აღიარების შემდეგ: "რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი შედგება"
09/05/2022 10:13:22 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარების შემდეგ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ რეგიონის რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდება.
"ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეგროვილია და გადაცემულია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. მან [კომისიამ] ეს ყველაფერი უნდა განიხილოს, შემდეგ გადასცეს უზენაეს სასამართლოს და განსაზღვროს თარიღი“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე აღნიშნა, რომ ჩატარდება ე.წ. რეფერენდუმი, რომლის მიზანიც რეგიონის რუსეთთან შეერთებაა. ბიბილოვმა რუსეთთან გაერთიანებას რეგიონის ხალხის "სტრატეგიული მიზანი“ უწოდა.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, წინასწარი შედეგებით, ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.