ბრიტანული დაზვერვა: " რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე სამხედრო იარაღის მარაგები ეწურება"
09/05/2022 08:14:08 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე სამხედრო იარაღის მარაგები ეწურება, ახლა შეიარაღებული ძალები ძველ და ნაკლებად სანდო იარაღს იყენებენ.
მისი ცნობით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მისი სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი და ზუსტი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობაში ნაკლოვანებები გამოავლინა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გაჭიანურდა, ოკუპანტებს სამხედრო მასალის მარაგი ეწურებათ.
"უკრაინაში შეჭრის დასაწყისში რუსეთი ატარებდა პროპაგანდას, რომ შეუძლია, ქირურგიული დარტყმები განახორციელოს, ასევე უკრაინული ქალაქები დაცული იქნება დაბომბვებისგან. რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ინტენსიურად და განურჩევლად ბომბავს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას საერთოდ არ ითვალისწინებს. ხსენებული მიზეზის გამო რუსეთის ჯარი ადვილად ხელმისაწვდომ, მაგრამ დაძველებულ, ნაკლებად სანდო და მარტივად იდენტიფიცირებად იარაღს იყენებს. რუსეთი სავარაუდოდ, შეეცდება, შეცვალოს მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი, რომელიც უკვე დახარჯა", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


