პუტინს აღლუმზე საყოველთაო მობილიზება არ გამოუცხადებია, თუმცა ექსპერტები აღნიშნულს უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ
09/05/2022 08:02:12 მსოფლიო
რუსეთის რპეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას საყოველთაო მობილიზება არ გამოუცხადებია, თუმცა ექსპერტები აღნიშნულს უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ.
რიგი რუსი ანალიტიკოსების ინფორმაციით, უკრაინაში ომის პირველ ფაზაში განცდილი და ამჟამად განგრძობადი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე პუტინს სხვა გზა არ რჩებოდა, საყოველთაო მობილიზების გადაწყვეტილება მიეღო - მიიღო კიდეც და მას ოდნავ მოგვიანებით, იმ ონკოოპერაციის ჩატარების შემდეგ გამოაცხადებს, რომელიც უახლოესი დღეებისთვისაა დაგეგმილი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


