"მოველით, რომ პუტინი წლევანდელ 9 მაისსაც სიცრუეს გაავრცელებს ნატო–სა და მთლიანად დასავლეთზე“
09/05/2022 07:23:34 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატო–ს გასაკრიტიკებლად.
"მოველით, რომ პუტინი წლევანდელ 9 მაისსაც სიცრუეს გაავრცელებს ნატო–სა და მთლიანად დასავლეთზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Die Welt–თან საუბრისას.
მისი თქმით, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც შექმნილია მშვიდობის უზრუნველსაყოფად და თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების მხარდასაჭერად.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


