ზელენსკი –9 მაისზე: "მაშინ მოვიგეთ, ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ"
09/05/2022 06:49:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, რომ რომ ისინი მალე გამარჯვების ორ თარიღს აღნიშნავენ, ხოლო მტერი - არც ერთს. ამის შესახებ მან დღეს, 9 მაისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინელები მეორე მსოფლიო ომშიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და გაიმარჯვეს.
"ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. უკრაინაში ძალიან მალე ჩვენ გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არც ერთი არ დარჩება. მაშინ მოვიგეთ. ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ და ხრეშატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს - უკრაინის გამარჯვებას! გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს! დიდება უკრაინას!", -განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


