"ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს"
09/05/2022 06:31:43 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარზე აიღო კონტროლი, რათა სხვა საკითხებთან ერთად გადაეხადა ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაცია, ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარება და მსგავს რამეზე ფიქრი სრულიად მიზანშეწონილი იქნებოდა რუსეთთან მიმართებაში.
„თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაახლოებით 315 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსეთის სავალუტო რეზერვები დააყადაღეს.
ცნობისათვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


