
"მარჯვენა ხელით სანქციებს აწესებთ, მარცხენა ხელით რუსეთთან კონტრაქტებს აფორმებთ, ეს არის თვალთმაქცობა!”
06/05/2022 19:39:49 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი ქვეყნები რუსეთისთვის ენერგეტიკის საფასურის გადახდას გააგრძელებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაკვეთენ რუსული ჯარები ევროკავშირის საზღვრებს.
როგორც ზელენსკიმ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, სანქციების პოლიტიკაში, გამჭვირვალობა და წესიერებაა:
„არ უნდა იყოთ ცოტათი ბოროტი და ცოტათი კეთილი. მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენა ხელით რუსეთთან კონტრაქტებს აფორმებთ, ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი ომის დროს. ეს არის თვალთმაქცობა!”.
მისი განმარტებით, რუსეთი ენერგორესურსებით დღეში მილიარდ დოლარს იღებს:
„თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად. ამაშია ევროკავშირის ერთიანობის აზრი, ამაშია სიტყვათა შეთანხმების „ევროპის კავშირის“ აზრი“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლოს ევროკავშირი მივა გადაწყვეტილებამდე, მოახდინოს სრული ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე.
„თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, მოგვიანებით გაიგებთ, როდესაც თქვენს საზღვრებთან რუსული ჯარები იდგება, როდესაც გაფრინდება პირველი რაკეტა, ისევე როგორც ჩვენთან, მაშინ გაიგებთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ არცერთი "ჩრდილოეთის ნაკადი“ არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.