ძლიერი ხანძარი რუსეთის ომსკის რეგიონში: განადგურდა ათობით სახლი
06/05/2022 18:46:03 მსოფლიო
რუსეთის ომსკის რეგიონში ხანძარმა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
ომსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბურკოვის განცხადებით, ქალაქ ნაზივაევსკში დაიწვა 52 შენობა, მათ შორის 29 საცხოვრებელი. იუწყებიან შვიდი დაშავებულის შესახებ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება, რის შემდეგაც მშრალ ბალახს ცეცხლი მოედო და გავრცელდა.
გუბერნატორისგან განსხვავებით ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად სულ მცირე, 90 შენობა განადგურდა.
"ყველგან ყველაფერი ძალიან დაიწვა! დაიწყო მოხუცთა თავშესაფრიდან და დამთავრდა ჩრდილოეთით. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ანგრევდა კარიბჭეებს, ღობეებს. ადამიანებსაც კი უჭირთ გადაადგილება ქარის გამო. თუ ვინმეს აქვს მეორე სახლი, იქ წავა, დანარჩენი – ნათესავებთან, მეგობრებთან. ვისაც საერთოდ არაფერი აქვს, ამბობენ, კომპენსაციას გადაუხდიან, მაგრამ დიდი ალბათობით, იქამდე დიდი დრო გავა“, - თქვა მადინა ახმეტოვამ.
გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მაგრამ ძლიერი ქარის გამო საფრთხე კვლავ რჩება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ხანძარია ნოვოალექსანდროვკაში. წინასწარი მონაცემებით, 20 სახლი იწვის.
ხანძრის ქრობას ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძარი იყო სარგატსკის რაიონის სოფელ ვერბლიუჟიეში. დაიწვა სამი სახლი.


