ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს - მედია
06/05/2022 18:21:17 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება სულ მცირე 100 მილიონი დოლარი იქნება. ამის შესახებ Reuters სამ ამერიკელი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადეს, რომ პაკეტი სავარაუდოდ მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას მათ შორის ჰაუბიცებისთვის.
4 მაისს პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დაპირებული 90–ვე ჰაუბიცა უკვე მიტანილია დანიშნულების ადგილზე.
პარასკევს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი 9 მაისს მოაწერს ხელს უკრაინის ლენდ–ლიზის აქტს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაუჭირა მხარი "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.
ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.
თავად ხელმოწერის თარიღიც სიმბოლურია, რადგან 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამაჯვების მორიგი წლისთავი აღინიშნება, ხოლო ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა: ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა მარაგები.


