Accentnews.ge
კრემლიდან მიღებული საყვედურის შემდეგ ლუკაშენკო „პოლონურ საფრთხეზე“ ალაპარაკდა

კრემლიდან მიღებული საყვედურის შემდეგ ლუკაშენკო „პოლონურ საფრთხეზე“ ალაპარაკდა

06/05/2022 17:32:57 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კრემლიდან საყვედურის მიღების შემდეგ კვლავ შეუდგა რუსული პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას.

საქმე იმაშია, რომ ორიოდ დღის წინ ლუკაშენკომ, რომელმაც რუს სამხედროებს უკრაინაზე თავდასხმისას ბელარუსის ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენების შესაძლებლობა მისცა და მოექცა კიდეც სანქციების ქვეშ, ორიოდ დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელად, „სპეცოპერაცია ძალიან გაჭიანურდა“ და რომ არ იცის, ყველაფერი ისე მიდის თუ არა, როგორც ეს მოსკოვში ჰქონდათ დაგეგმილი. კრემლიდან მას უპასუხეს, რომ „ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის“. უკვე დღეს, როგორც ბელარუსის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია БЕЛТА იუწყება, ლუკაშენკო „პოლონურ საფრთხეზე“ ალაპარაკდა:

„მეჩვენება, რომ რომ თუ, მაგალითად, პოლონეთი და სხვა ქვეყნები ასე მოქცევას გააგრძელებენ, ჩვენ – ბელარუსი, რუსეთი და უკრაინა ერთად ვიბრძოლებთ თქვენს წინააღმდეგ“.

მან გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი, რომელსაც სხვათა შორის, საქართველოშიც ხშირად აჟღერებენ პრორუსული ჯგუფები, რომლის მიხედვითაც „გარკვეული ფიგურები და პოლიტიკოსები დასავლეთ უკრაინას პოლონეთის შემადგენლობაში ხედავენ“.

„უკრაინელები ე.წ. ამჟამინდელ მოკავშირეებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ – სამ სლავურ ხალხს, მათ შორის უკრაინელებს, მოგვიწიოს უკრაინის მთლიანობის დაცვა. ჩემთვის უკრაინის ნგრევა, უკრაინის მთლიანობის და დამოუკიდებლობის რღვევა მიუღებელია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინა თავის საზღვრებში დარჩეს. ამას ზელენსკიც ხედავს. ამიტომ მაქვს ასეთი უჩვეულო, გიჟური აზრი, რომ ჩვენ ერთად გავუწევთ წინააღმდეგობას პოლონელებს და სხვებს“ – განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც უკრაინაში პუტინის მიერ ომის გაჩაღებამდე განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს და იქ პუტინთან ერთად გეგმავდა ვიზიტს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ქალაქები მათ შორის სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან იბომბებოდა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

„ეს რუსული ოცნებაა“,– ამბობს თემის კომენტირებისას რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ პასტუხოვი და კრემლის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს მანტრაა, რომელიც ბოლო 15 წელია, ისმის, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად – 2014 წლის შემდეგ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ „უკრაინა სიცოცხლის უუნარო სახელმწიფოა, გაუგებარი წარმონაქმნი, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და საკმარისია, ჩვენ დავიწყოთ [რუსეთმა], დანარჩენები გააგრძელებენ, დაანაწევრებენ და უკრაინისგან არაფერი დარჩებაო“ – ეს არის ერთ–ერთი რუსული ოცნება. ცხადია, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანას, უკრაინას ტერიტორიული საკითხები დახურული არ აქვს და ეს მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობაა. ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადიოდა და იქ საზღვრის გავლება ძალიან რთულია. მაგრამ ეს რას ნიშნავს?აღმოჩნდა, რომ ბუკვალურად არც არაფერს: ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ვარშავა კიევის მთავარი მოკავშირეა (არადა ისტორიულად მათ რთული ურთიერთობები ჰქონდათ) და იღებს ყველაზე რთულ დარტყმას – სწორედ მან მიიღო ყველაზე მეტი უკრაინელი დევნილი ან ატარებს მათ და მერწმუნეთ, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან რთული საკითხია. პოლონეთი იქნება უკანასკნელი, ვინც რაიმე სახის ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებს უკრაინას. იმიტომ, რომ პოლონეთს ესმის, იმ მომენტიდან, როდესაც უკრაინა აღარ იქნება, „კეთილსინდისიერ“ რუსებს საკუთარ საზღვრებთან პირველ რიგში თავად იხილავს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S