Accentnews.ge
პასტუხოვი: „მოსკოვმა ფსონი 2022 წელს უნგრეთზე დადო, როგორც 2014–ში – გერმანიაზე“

პასტუხოვი: „მოსკოვმა ფსონი 2022 წელს უნგრეთზე დადო, როგორც 2014–ში – გერმანიაზე“

06/05/2022 13:47:10 ევროპა, მსოფლიო

უკრაინა–უნგრეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რამაც თავი განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ იჩინა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლეკსი დანილოვის 2 მაისს განცხადება, რომ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ, უნგრეთს კი უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან მიმართებით „თავისი გეგმა ჰქონდა“, პროცესზე დამკვირვებელთა მხრიდან არაერთგვაროვნად იქნა აღქმული.

მაგალითად, კრემლის მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი ფიქრობს, რომ „დაუჯერებელია, პუტინს გაეფრთხილებინა ადამიანი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ხუთივე პაკეტს დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც ომის შესახებ თავად რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებიც არ იყვნენ ინფორმირებულნი“.

პოლიტოლოგი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმირ პასტუხოვი კი კითხვაზე პასუხის მარტივად მისაღებად გვთავაზობს, უნგრეთის საკრედიტო პორტფელს ჩავხედოთ.

ამასთან, ის კრემლისთვის უნგრეთის პრემიერ–მინისტრის ვიქტორ ორბანის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„პუტინს ორბანთან და დანარჩენებთანაც არაფორმალური ურთიერთობები აქვს – არა პროტოკოლური, არამედ „გაგების“ დონეზე.

პარადოქსია, რომ ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობას წევდა 50–იანი წლებიდან, დაზარალდა (ათასობით მსხვერპლი იყო) საბჭოთა კავშირით, დღეს წარმოადგენს მოსკოვის გავლენის აგენტს ევროკავშირსა და ნატოში. ის რუსული ოცნება, რომელიც არ ახდა საფრანგეთში, მოხდა უნგრეთში – ულტრამემარჯვენე ელემენტები მოვიდნენ ხელისუფლებში, რომლებიც ამჟამად რთულ ვითარებაში არიან, ყველას ვალი აქვთ, მათ შორის მოსკოვის, ცდილობენ მანევრირებას, ამიტომ სანქციებსაც დაუჭერენ მხარს და მოსკოვთანაც შეინარჩუნებენ ურთიერთობას, რათა გადარჩნენ. ამას გაუგებენ და აპატიებენ, „რაც შემიძლია, ვაკეთებო“. უნდა გვესმოდეს, რომ ორბანი არა მხოლოდ აგენტია, არამედ ფასეულია პუტინისთვის – მნიშვნელოვანი აქტივი, რომლის მეშვეობითაც კრემლი (ამგვარი აქტივია სერბეთიც, მაგრამ ის ჯერ არაა ნატოს და ევროკავშირის წევრი) ევროკავშირსა და ნატოზე გავლენის მოხდენას ცდილობდა: 2022 წელს კრემლმა უნგრეთზე დადო ფსონი, როგორც 2014–ში გერმანიაზე. ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა.

ორბანის მოსკოვში ვიზიტი საეჭვო იყო [2 თებერვალს შეხვდა პუტინს]. გეგმას არ მიუტანდნენ, მაგრამ რომ მიანიშნეს, „შორს წავალთ და ძალიან მალეო“, ეს ცალსახაა. ამისთვის იქ გენშტაბის გამოძახება და საიდუმლოს რუკის ჩვენება არ იყო. ამდენად, შემიძლია, დავუშვა, რომ პუტინის მხრიდან მასთან საუბარში გაეჟღერა ფრაზას, „არსებობენ რიგი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენთვის სახელმწიფოები სულაც არ არიან. მათ აქვთ ტერიტორიები, რომლებიც შესაძლოა, რუსულად და უნგრულად ჩათვლილიყო და ორბან, ამაზე კარგად დავფიქრდეთო“.

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ უნგრეთის მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულა კრემლთან თანამშრომლობაში. უნგრეთი შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, არ ემხრობა რუსული გაზის და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

რაც შეეხება უკანასკნელ ბრალდებას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრეს–მდივანმა ზოლტან კოვაჩმა მას "ფეიკი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S