
"საწოლების მობილიზაციის მექანიზმი შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან"
06/05/2022 10:06:53 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდპანდემიის დროს გამოუყენებელი საწოლებისა და გაფლანგული თანხის შესახებ მინისტრის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ კოვიდპანდემიის პირველივე დღეებიდან მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო სამთავრობო უწყებებთან და აღწერილი იყო მთავრობის დადგენილებაში.
„საწოლების მობილიზაციისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ პანდემიის პირველივე დღეებიდან, მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა და რომელიც შეთანხმებული იყო, ბუნებრივია, ყველა სამთავრობო უწყებასთან, აღიწერა ეს მექანიზმი მთავრობის დადგენილებაში და ამის მიხედვით ვმუშაობდით ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი გამოყოფილი თანხა სწორად დაიხარჯა, რატომ საუბრობს მინისტრი გაფლანგვაზე, გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებას აუდიტის დასკვნამდე ვერ გააკეთებს:
„მსგავსი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს ვერ ექნება, ვიდრე არ იქნება დასრულებული აუდიტის შედეგები“.