რუსულმა ჯარმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს "გრადებიდან" გაუხსნა ცეცხლი და ფრთოსანი რაკეტები დაუშინა
06/05/2022 09:12:32 მსოფლიო
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის მხარის კრივოი როგისა და სინელნიკოვის რაიონები დაბომბა, - იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური. მისივე ინფორმაციით, მინდორზე, რომელზეც რაკეტები დაეცა, 4 მ სიღრმის კრატერები წარმოიშვა.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნიკოლაი ლუკაშუკი აზუსტებს, რომ ადგილზე ფრთოსანი რაკეტების ნარჩენები ყრია, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა მსხვერპლი და დაშავებულები საბედნიეროდ, არ არიან.
ღამით იბომბებოდა ასევე კრივოი როგის რაიონის მოსაზღვრე ხერსონშინას სოფლები.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პუტინის ჯარი ავიდარტყმებს ახორციელებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტებზე, ანადგურებს აეროდრომებს, სამხედრო ნაწილბეს, ნავთობბაზებს, გაზგასამართ სადგურებს, ეკლესიებს, სკოლებს საავადმყოფოებს, არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევს საცხოვრებელ კომპლექსებს.


