
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება
23/09/2019 14:58:54 სხვა, მსოფლიო
ნოვოსიბირსკელმა მხატვარმა კონსტანტინე ერიომენკომ იაკუტიიდან მოსკოვში "პუტინის განსადევნად" მიმავალი შამანის - ალექსანდრე გაბიშევის ხატზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც "ჩააღწიე და განდევნე" დაარქვა. როგორც მხატვარი განმარტავს, გაბიშევის ხატის შექმნის იდეა მას ამ უკანასკნელის დაკავებამდე გაუჩდა.
ცნობისთვის: ალექსანდრე გაბიშევი მოსკოვის მიმართულებით 4 თვის წინ დაიძრა. იგი რუსეთის პრეზიდენტს „ბნელი ძალების პირმშოდ“ მიიჩნევს, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ შამანებს შეუძლიათ. ამ დროის განმავლობაში მან თითქმის 2000 კმ განვლო და ასობით მოქალაქეს გაესაუბრა. ვიდეოებს, რომელიც გზად მის ქადაგებებს ასახავს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
9 სექტემბერს ბურიატიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია დაიწყო. სამი დღის განმავლობაში მისი მონაწილეები, დარბევების მიუხედავად, მოედანს არ ტოვებდნენ. მათი მოთხოვნა ულან–უდეს მერის არჩევნების შედეგების გაუქმება და შამან გაბიშევის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლება იყო.
მიმდინარე წლის ივლისში გაბიშევმა მასობრივი მიტინგი მოაწყო ჩიტაში, სადაც ცენტრალურ მოედანზე 700–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეკრების მთავარი ლოზუნგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“. შამანმა აუწყა შეკრებილებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე იაკუტიიდან დაძრული, მოსკოვამდე ჩაღწევას 2 წელიწადში აპირებდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ბრძოლა უკვე დაწყებული აქვს და ჯერ–ჯერობით ამ მიზნით მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იყენებს, თუმცა თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება „სხვა მეთოდებსაც“ მიმართავს.
რამდენიმე დღის წინ ის დააკავეს, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.