თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს
05/05/2022 20:29:32 მსოფლიო
თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეს–სამსახურის ცნობით, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად ანკარა ყველაფერს გააკეთებს.
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ საფრანგეთისა და თურქეთის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ჰუმანიტარულ საკითხებზე და ხაზი გაუსვეს მარიუპოლიდან ევაკუაციის გაგრძელების მნიშვნელობას.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


