
ექს–პრეზიდენტის ძმა: "ხვალ რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება"
05/05/2022 18:09:44 პოლიტიკა, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. ამის შესახებ დავით სააკაშვილმა მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ ბათუმში, სამეგრელოსა და იმერეთში გაიმართება აქციები, რომელსაც მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. როგოც მან აღნიშნა, აქცია დაგეგმილია თბილისშიც.
მესამე პრეზიდენტის მეორე ძმა გიორგი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ისინი რეგიონების მოსახლეობასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და ხელისუფლებასთან დიალოგს აპირებენ, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინონ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 22 აპრილს მოინახულეს. დასკვნაში, რომელიც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მიმართა, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისი თქმით, თუ ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს.
.