„აზოვის“ მეთაურის მოადგილე: "მოგვეცით მებრძოლების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელებმა შეძლონ, პატივი მიაგონ გმირებს"
05/05/2022 14:39:45 მსოფლიო
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი მსოფლიოს „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ამასთან, იგი მიმართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაიშუროს ძალისხმევა დაღუპული გმირების გადასასვენებლად, რათა უკრაინელები თავიანთ გმირებს დაემშვიდობონ.
"უკვე მესამე დღე-ღამეა, რაც მტერი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შემოიჭრა. გრძელდება მძიმე სისხლისმღვრელი ბრძოლები. თავდაცვითი ძალები უკვე 71 დღეა, ებრძვიან მოწინააღმდეგის რაოდენობრივად მეტ ძალებს. რუსებმა მორიგ ჯერზე დაარღვიეს პირობა ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით და სამოქალაქო პირებს ევაკუაციის საშუალება არ მისცეს, რომლებიც კვლავ ქარხნის სარდაფებში იმალებიან. მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას და პირადად მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან შეუსაბამო მკურნალობის პირობებში. მოგვეცით მებრძოლების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელებმა შეძლონ თავიანთ გმირებთან დამშვიდობება. შესაბამისი რეაგირება მოახდინეთ ვითარებაზე, რომელშიც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმებს, კონვენციებს ან კანონებს“,- განაცხადა პალამარმა.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


