"რუსეთმა მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა შეიმუშავა"
05/05/2022 14:27:36 მსოფლიო
რუსეთმა მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა შეიმუშავა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის კონტრდაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორ ტექსტში ვკითხულობთ, შეჭრის სავარაუდო თარიღი შესაძლოა იყოს 9 მაისი ან უახლოესი დღეები, ხოლო შეჭრის მიზეზი კი რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა.
ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების სავარაუდო წარმატება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით „მეორე ფრონტამდე“ მიგვიყვანს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ რუსეთი გეგმავს საჰაერო სადესანტო დაშვებას დნესტრისპირეთში ილ-76 თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. პარალელურად, ოკუპირებული ყირიმიდან თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაფრინდებიან.
“დამპყრობლებმა შეიძლება სცადონ ჯარების გადმოსხმა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის და სარაცკის რაიონებში, შემდეგ კი დნესტრისპირეთში შეღწევა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


