საფრანგეთში "ბორჯომის" მფლობელი მიხეილ ფრიდმანის ვილა დააყადაღეს
05/05/2022 11:53:33 მსოფლიო
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების ფარგლებში საფრანგეთში დააყადაღეს ვილა Copab, რომელიც, პროექტ «Схемы»-ს გამოძიების შედეგების თანახმად, რუსული "ალფა-ბანკისა" და ქართული "ბორჯომის" მფლობელი მოსკოველი ოლიგარქის - მიხეილ ფრიდმანის ოჯახს ეკუთვნის.
სან-ტროპეში მდებარე 580 კვ.მ საერთო ფართის ვილა ფრანგული კომპანია "SNC COPAB"-ის საკუთრებადაა გაფორმებული, რომლის ბენეფიციარები ოლიგარქის ქალიშვილები - ლარისა და ეკატერინე ფრიდმანები არიან, აქციათა 1%-ს კი მისი ყოფილი ცოლი ოლგა აიზმანი ფლობს.
Copab-ში ათი საძინებელია, ვილის ტერიტორიაზე მოქმედებს აუზი, საუნა, ჰამამი, ჯაკუზი და მოედანი ვერტმფრენისთვის. ელიტური ქონება ბოლო პერიოდში იჯარით იყო გაცემული თვეში €440 ათას ევროდ.
მიხეილ ფრიდმანი ერთ-ერთი პირველი გახდა პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს შორის, რომლებსაც დასავლური სანქციები შეეხოთ. დასაბუთებაში მითითებულია, რომ ფრიდმანი მჭიდრო კავშირშია პუტინის ადმინისტრაციასთან და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციას უწყობდა ხელს.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ქვეშ მოჰყვა კომპანია აიდიეს ბორჯომიც, რადგან 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.
სანქციების გამო ბორჯომს ანგარიშებთან წვდომა შეზღუდული აქვს, რის გამოც, კომპანიამ 29 აპრილიდან ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეაჩერა. დღეს ბორჯომის საწარმოში დასაქმებულებმა აქციაც გამართეს, ისინი შრომით ხელშეკრულებაში ცვილებებთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელთან ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ქარხნების გაჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კომპანიამ დასაქმებულებს თანამშრომლობის ახალი პირობები შესთავაზა, რომელის მიხედვით დასაქმებულები ქარხნის გაჩერების პერიოდში ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე არსებული 100%-ისა. „ბორჯომის“ თანამშრომლები ახალ პირობებს თანხმდებიან, თუმცა სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას და ხელშეკრულების ვადის 3 თვით განსაზღვრას ითხოვენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან მალე გააცნობს საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაციას „ბორჯომის“ შესახებ".


