
"ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა
05/05/2022 09:20:30 საზოგადოება
"ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.
"მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.
შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს", – ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას. „ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფია“. ივანე მაჭავარიანი „ბორჯომის“ დირექტორი 2021 წლის ივნისში გახდა, – მას შემდეგ, რაც დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი (ამ პოსტზე იგი 2018 წლიდან იკავებდა).
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან მალე გააცნობს საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაციას „ბორჯომის“ შესახებ".