NYT – აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება
05/05/2022 08:31:07 მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება, – იუწყება "ნიუ იორკ თაიმსი" (NYT )ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა სადაზვერვო ცნობები, რომელიც უკრაინელებს დაეხმარა, მიზანში ამოეღოთ და დაეხოცათ რუსი გენერლები.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მათ ფრონტის ხაზზე 12 რუსი გენერალი მოკლეს.
მიზნობრივი მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სისტემატიზირებული დახმარების ნაწილია და უკრაინისთვის რეალურ დროში ბრძოლის ველიდან დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. დაზვერვის ინფორმაცია ასევე მოიცავს ცნობებს რუსული ჯარების სავარაუდო/მოსალოდნელი გადაადგილების შესახებ, რაც მიღებულია ამერიკელების ბოლოდროინდელი შეფასებებიდან დონბასში მოსკოვის საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ.
"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უარი თქვეს, დაეზუსტებინათ, 12 გენერლიდან რამდენი მოკლეს აშშ-ის დახმარებით.
NYT აღნიშნავს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არის აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს უფრო მძიმე საბრძოლო ტექნიკას და ათობით მილიარდი დოლარის დახმარებას.


