რა ხდება ქარხანაში, სადაც ამ დროისთვის 30–მდე ბავშვია – "თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის ახლა "აზოვსტალშია"
05/05/2022 07:45:05 მსოფლიო
ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ მე–2 დღეა, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს უწყვეტი დაბომბვა. თავდასხმები არ გაჩერებულა ღამითაც კი, მტერი იყენებდა, მათ შორის დრონებს. საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა. თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის ამ დროისთვის "აზოვსტალშია", - განაცხადა მან.
ქარხანაში გამაგრებულმა მებრძოლებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ძალები უკრაინელების კონტროლირებადი პერიმეტრის მიღმა შეიჭრნენ. გუშინ საღამოს "აზოვის" პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ აღნიშნა, რომ კომპლექსის შიგნით "მძიმე, სისხლიანი ბრძოლები" მიმდინარეობდა.
"მდგომარეობა კრიტიკულია. "აზოვი" დაცვას გმირულად აგრძელებს და სიტუაციას აკონტროლებს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. დიდება უკრაინას!", – აცხადებდა იგი გუშინ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში.
4 მაისს მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ რუსები "აზოვსტალზე" კონტროლის დამყარებას როგორც ქვეითი, ისე საჰაერო საბრძოლო მეთოდებით ცდილობენ. მისი ინფორმაციით, ქარხანაში ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის 30 ბავშვია.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის:
"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას "აზოვსტალიდან", მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან იქ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათ გადასარჩენად".
"აზოვსტალი" და მარიუპოლის სტრატეგიული მნიშვნელობა
1930-იან წლებში აშენებული მეტალურგიული კომბინატი „აზოვსტალი“ საკუთარი სატვირთო პორტით ევროპის უდიდესი ქარხნების ჩამონათვალში შედის და „ეკონომიკურ გიგანტად“ მოიხსენიება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატულ კილომეტრს უტოლდება და მიწისზედა სართულების გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელს მოიცავს, კილომეტრებზე გადაჭიმული გვირაბებითა და საკომუნიკაციო არხებით.
ამ ეტაპზე კომბინატს კერძო სააქციო საზოგადოების სტატუსი აქვს და ის ყველაზე მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის მფლობელობაშია. ქარხნის გენერალური დირექტორია ქართული გვარის მქონე უკრაინელი ბიზნესმენი ენვერ ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, „აზოვსტალმა“ მუშაობა, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რამდენიმე დღეში შეაჩერა.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


