ჩერნიგოვიდან უკან დახევის შემდეგ რუსმა გენერალმა თავისი ვაჟი დააჯილდოვა
05/05/2022 06:43:33 მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ლაპინმა მისი ვაჟი - პირველი სატანკო გვარდიული პოლკის თავკაცი დენის ლაპინი დააჯილდოვა. "უკრაიინასთან ომში გამოჩენილი სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის" სახელმწიფო ჯილდო მას სუმისა და ჩერნიგოვზე წარუმატებელი შეტევის ფონზე გადაეცა, - იუწყება BBC-ს რუსული სამსახური.
უმცროსი ლაპინი 36 წლისაა. სუმისა და ჩერნიგოვზე შეტევას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ოპერაციის წარუმატებლობის შემდეგ რუსეთში გამოცხადდა, რომ არმია კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სამხედრო აქტივობას ამცირებდა, კიდევ მოგვიანებით კი რუსულმა ჯარმა უკრაინის ეს რეგიონები მთლიანად დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ომის პირველ დღეებში რუსულ ჯარს ყველაზე დიდი დანაკარგები სწორედ ამ მიმართულებებზე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეებში ოპერაციის ხელმძღვანელ უმცროს ლაპინს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.


