«Сбербанк»-ი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინული არმიის დასახმარებლად მოქალაქეთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას აწვდის
05/05/2022 06:39:20 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო «Сбербанк»-ი სისტემატიურად აწვდის "როსფინმონიტორინგს" ინფორმაციას ქვეყნის მოქალაქეთა მიერ განხორციელებული "საეჭვო გადარიცხვების" შესახებ, რომელთა მიზანს უკრაინული ჯარის დახმარება შეიძლება, წარმოადგენდეს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროსადმი ბანკის მმართველის მოადგილის - ბელა ზლატკისის წერილშია ნათქვამი.
მასში აღნიშნულია, რომ «უკრაინის არმიისთვის თანხების შემგროვებლებს ბანკი როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტების ერთობლიობის გამოყენებით ავლენს, სოცქსელების მონიტორინგისა და მესამე პირთა დასმენების ჩათვლით, რის შემდეგაც ბანკის პროფილური სამსახურები კლიენტთა აქტივობებს აანალიზებენ».
ცნობისთვის: რუსეთის მოქალაქეთა მიერ უკრაინის დასახმარებლად თანხების გადარიცხვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მოთხოვნით ბანკსა და რუსეთის უშიშროების სამსახურს თავად სახელმწიფო სათათბირომ მიმართა.


