
ზელენსკი გაერო–ს გენმდივანს სთხოვს დახმარებას "აზოვსტალიდან" დაჭრილების გამოსაყვანად
05/05/2022 06:02:49 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს სთხოვა დახმარება მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან დაჭრილების ევაკუაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ გუტერეშს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და აცნობა, რომ პირველ ეტაპზე, „აზოვსტალიდან“ წარმატებით გაიყვანეს 121 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა გაეროსთან ერთად მადლობა გადაუხადა ევაკუაციის პროცესში ჩართულ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“.
მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი 1-2 მაისს მიმდინარეობდა. 4 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მარიუპოლიდან და ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან ზაპოროჟიეში ჩაიყვანეს კიდევ 344 ადამიანი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალში“ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება 5, 6 და 7 მაისსაც, 08:00-დან 18:00 საათამდე. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
უკრაინის ხელისუფლების და მარიუპოლის დამცველი სამხედროების ინფორმაციით, ორი დღეა რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა დაიწყეს ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ.
მარიუპოლის და "აზოვსტალის" დამცველი პოლკის „აზოვის“ მეთაურმა დენის პროკოპენკომ წუხელ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ მეორე დღეა, მოწინააღმდეგე შეიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა.
პროკოპენკოს განცხადებით, ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად.