ბოლო 2 თვეში რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია
04/05/2022 19:03:16 მსოფლიო
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს რუსეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვია.
"Mi-17 ტიპის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 5 კმ–ით შემოვიდა", – განუცხადა AFP-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე მიმდინარე წლის 8 აპრილსაც დაარღვია.
"ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფინეთი და შვედეთი სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნეები გახდებიან, რადგან ეს ქვეყნები ნატო-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ", – იუწყება გამოცემა.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მას შემდეგ გაააქტიურეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


