"აშშ მზად არის, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს"
04/05/2022 16:18:42 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მზად არის, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ იზიარებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აწესებს, რომელიც, მათ შორის რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


