"გაყინული კონფლიქტი არ გვაწყობს, ამაზე არ წავალთ"
04/05/2022 13:27:06 მსოფლიო
"გაყინული კონფლიქტი არ გვაწყობს, ამაზე არ წავალთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-ის აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტზე განაცხადა რუსეთთან გაყინული კონფლიქტის შესაძლებლობაზე საუბრისას.
“ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. მე როცა პრეზიდენტი გავხდი, იყო "მინსკი 1", "მინსკი 2", იყო დოკუმენტები, რომელთა პირობები დაურღვა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო სერიოზული. იყო ფურცელზე გაფორმებული შეთანხმებები, ეს იყო გაყინული კონფლიქტი. მე წინააღმდეგი ვარ – ასეთ დოკუმენტს ნამდვილად არ გავაფორმებთ”, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინას არ დაურღვევია მინსკის შეთანხმება:
“ჩვენ არ გამოვსულვათ მინსკის შეთანხმებიდან, იქედან 24 თებერვალს, რუსეთის ლიდერი გამოვიდა, ეს საჯაროდ თქვა და დაიწყო “სამხედრო ოპერაცია”, თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ომია, სრულმასშტაბიანი შემოჭრა. ამიტომ, ისინი გამოვიდნენ ამ შეთანხმებიდან და ასეთი დიპლომატიური ჭაობი უკრაინას ნამდვილად არ სჭირდება”.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


