პუტინი მაკრონთან საუბრისას განმარტავს, რა შემთხვევაში შეაჩერებს ომს
04/05/2022 11:43:04 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება დასავლეთის მხრიდან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისზე მეტი ზეწოლისა და მისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
BBC-ის ცნობით, მაკრონმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის თხოვნით მიმართა.
მაკრონის თქმით, მზად არის დაეხმაროს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


